logo
ENG



სტოლტენბერგი: ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას შესაძლებლობას მისცემს შეტევაზეც გადავიდეს

20 იან 202321:51
3 წუთის საკითხავი
 
სტოლტენბერგი: ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას შესაძლებლობას მისცემს შეტევაზეც გადავიდეს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას საშუალებას მისცემს შეტევაზე გადავიდეს, რათა საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს.

სტოლტენბერგი მიესალმება იმ ფაქტს, რომ უკრაინა პარტნიორებისგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს.

"ის ფაქტი, რომ უკრაინა ასობით ახალ ჯავშანტექნიკას, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და საბრძოლო ტანკებს იღებს, ქვეყნისთვის დიდ ცვლილებას მოიტანს და ძალიან მნიშვნელოვანია. მხარდაჭერა არა მხოლოდ საშუალებას მისცემს უკრაინელებს, დაიცვან თავი რუსეთის ახალი თავდასხმებისგან, არამედ შეეძლებათ ტერიტორიის დასაბრუნებლად საკუთარი შეტევები განახორციელონ", - თქვა სტოლტენბერგმა.

კითხვას: აზიანებს თუ არა გერმანია დასავლეთის ერთიანობას, რადგან უკრაინისთვის Leopard 2 ტანკის მიწოდებას აფერხებს, სტოლტენბერგმა ასე უპასუხა: "კონსულტაციები გაგრძელდება".

***

გერმანიას უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. ამავე დროს, ბერლინი უარყოფს ინფორმაციას, რომ ისინი განგებ და მხოლოდ თვითონ აფერხებენ Leopard 2-ის ტანკების გადაცემას. 

20 ივნისს გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე NATO-სა და მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეხვდნენ, სადაც მორიგი სამხედრო დახმარება უნდა განეხილათ.

შეხვედრის დაწყებამდე აშშ-მა და ფინეთმა მსხვილი სამხედრო დახმარების შესახებ უკვე განაცხადეს. თუმცა რამშტაინის ბაზაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, მისცემს თუ არა გერმანია უფლებას სხვა ქვეყნებს, უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცენ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა თქვა, რომ ვერ იტყვის როდის იქნება ტანკებზე გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ბერლინი მზადაა სწრაფად იმოქმედოს, თუ მოკავშირეები კონსენსუსს მიაღწევენ.

"ყველა მომხრე და მოწინააღმდეგე მხარე ძალიან ფრთხილად უნდა იქნას აწონილი", - თქვა მინისტრმა და ეს საკითხი პარასკევს განიხილებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული.

პისტორიუსმა არ თქვა, რომელი მოკავშირეები არიან ტანკების მიწოდების წინააღმდეგი.

როგორც ცნობილია, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მზადაა, უკრაინას ტანკები გადასცეს, რაც ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმაც დაადასტურა. ფინეთმა განაცხადა, რომ უკრაინას 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს და დასძინა, რომ Leopard-ის ტანკებსაც გადასცემს, თუ შესაბამისი შეთანხმება იქნება. ამავე დროს, პოლონეთის პრემიერმინისტრი ბერლინისგან მწვანე შუქს არ ელის. მთავრობაში განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ტანკს მაინც გადასცემენ.

რამშტაინის ბაზაზე შეხვედრამდე ზელენსკიმ გააკრიტიკა გერმანია ტანკების საკითხის გამო და თქვა, რომ Leopard-ს მხოლოდ თავდაცვისთვის გამოიყენებენ და რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავლენ.

"თუ გაქვთ Leoprad-ის ტანკები, მოგვეცით", - განაცხადა მან გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიით.

ის, თუ რატომ ითხოვს უკრაინა Leopard 2-ის ტანკებს, რამდენიმე მიზეზი აქვს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროპაში გერმანული წარმოებული ეს ტანკი ბევრია - დაახლოებით, 3000 სხვადასხვა ქვეყანაში. ამავე დროს, აღნიშნული ტანკი მარტივია ექსპლუატაციისთვის. Leopard-ის 13 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებშია, რაც ნიშნავს, რომ ევროპაში საკმარისი სათადარიგო ნაწილი და საბრძოლო მასალაა. გარდა ამისა, Leopard ცივი ომის დროს საბჭოთა T-90-ის კონკურენტად შეიქმნა, ეს უკანასკნელი კი კვლავ მრავლად არის რუსული არმიაში.

 


close დახურვა