logo
ENG



სტოლტენბერგი ზელენსკის თხოვნით უკრაინა-NATO-ს საბჭოს იწვევს

23 ივლ 202313:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/23/r3iw6iaf4jibksh.jpg

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით უკრაინა-NATO-ს საბჭოს იწვევს. ამის შესახებ ალიანსის პრესსპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა. 

"შეხვედრა ოთხშაბათს ელჩების დონეზე გაიმართება, რათა კონსულტაციები გამართონ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით და განიხილონ უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით", - თქვა ალიანსის პრესსპიკერმა. 

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს გენერალურ მდივანს შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, უკრაინა-NATO-ს საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა სთხოვა. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას გააკეთა.

უკრაინა-NATO-ს საბჭო ვილნიუსის სამიტზე შეიქმნა. პირველი სხდომა 12 ივლისს ჩატარდა.

17 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, "ამ დრომდე არ შესრულებულა". ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ოდესის პორტზე თავდასხმები გააძლიერა. მომხდარი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს ხალხის დაცვა და პორტის ინფრასტრუქტურის გაძლიერება დაავალა.


close დახურვა