logo
ENG



სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეები განსახილველად დიდ პალატას გადასცა

24 სექ 202409:41
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიამ, ხუთი მოსამართლის შემადგენლობით დაკმაყოფილა მომჩივანების ადვოკატთა მოთხოვნა და 20 ივნისის საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა.

ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციაში ამბობენ, რომ ევროპული სასამართლოს დიდ პალატას საქმეები საგამონაკლისო შემთხვევებში გადაეცემა. კონვენციის მიხედვით საქმე უნდა წამოჭრიდეს ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების განმარტების ან გამოყენებისათვის სერიოზულ საკითხს, ან საერთო მნიშვნელობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

2024 წლის 7 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა, ამასთან, სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება.

ევროპულმა სასამართლომ საქმეზე არაერთი მნიშვნელოვანი მიგნება გააკეთა, გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღინიშნა შემდეგი: 

  • ოთხნახევარი წლის შემდგომ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ მისულა;
  • სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირდაპირ იყო მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში;
  • სასამართლოს განმარტებით სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი;
  • არ არსებობს ოფიციალური სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებას შესაძლებელს გახდის;
  • სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ [...] სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან  მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი;

საია-ში განმარტავენ, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლოს შეეძლო კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევების დადგენა, სწორედ ამ მიზნით, 2024 წლის 1 აგვისტოს სასამართლოს წარედგინა თხოვნა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ, რადგან საკითხისადმი მსგავსი მიდგომა აჩენდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებულ სერიოზულ კითხვებს.

 


close დახურვა