logo
ENG



სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე საქართველოს 3 600 ევროს გადახდა დააკისრა

11 ოქტ 201914:27
3 წუთის საკითხავი
 
k3eqbc63m58uiya.jpg

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას ირაკლი ბათიაშვილისთვის 3 600 ევროს გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება სასამართლომ 10 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმეში „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" დადგინდა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი).

საქმე ეხება 2006 წელს ირაკლი ბათიაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ სამართალწარმოებას. მას ბრალი ედებოდა კოდორის ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფებების შესაძლო დახმარებაში. ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ბათიაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპცია დაირღვა.

"2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც მოქმედებდა შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირე“. 2006 წლის ივლისში, „მონადირის“ ხელმძღვანელ ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვის შედეგად დაიწყო გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება)  მუხლების საფუძველზე.
 
"საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის ნებართვა. მომჩივნისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრის ჩაწერის შედეგად ირაკლი ბათიაშვილს ბრალი წარედგინა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირის“ ხელმძღვანელისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო.  
 
"სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2“-სთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამონტაჟებული ფორმით იქნა მიწოდებული მოცემულ ორ პირს შორის საუბარი. დამონტაჟებულ ვერსიაში, რომელიც მოცემულმა არხმა გაავრცელა,  მომჩივანი და ემზარ კვიციანი მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ სთავაზობდა ემზარ კვიციანს აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფი დახმარებას. იმავე ჩანაწერის ის მონაკვეთი კი, სადაც ემზარ კვიციანი ამბობდა, რომ აფხაზებს დახმარებაზე უარი უთხრა, იქნა ამოჭრილი და არ იქნა ტელეარხის მიერ გავრცელებული. აღნიშნული დამონტაჟებული სატელეფონო საუბარი, სხვებს შორის, საფუძვლად დაედო ირაკლი ბათიაშვილისთვის 4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.
 
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.
 
"საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები არ დარღვეულა, ხოლო  საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად გამოცხადდა,"-აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა