სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდამსხმელს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„გამოძიებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს, თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ წინ მიმდინარე აქციის დროს, შ.შ-მ გარეგნული იერსახისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მობილური ტელეფონი ესროლა ა.ს-ს, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა სახის არეში. შედეგად, დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა კინოთეატრთან, ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენების დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მოხდა. რადიკალური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. "თბილისი პრაიდის" წევრის გიორგი თაბაგარის ინფორმაციით, აქტივისტს ქვა ესროლეს.