logo
ENG



სუბელიანის თქმით, საქართველოს ბანკის დაცვამ მის შვილს საყურის გამო შეურაცხყოფა მიაყენა

05 ოქტ 202111:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/05/7d20rsxn7vyao44.jpg

თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა სუბელიანი Facebook-ზე წერს, რომ საქართველოს ბანკის დაცვის თანამშრომელმა მის შვილსა და მეგობრებს საყურის გამო შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც სუბელიანი აღწერს, დაცვის თანამშრომელმა ბიჭს ჰკითხა - საყურე რატომ გიკეთია, გოგო ხარ თუ ბიჭიო, შეპასუხების შემდეგ კი ბავშვებს უზრდელები უწოდა.

სუბელიანი ამბობს, რომ მისი შვილის თქმით, შეეშინდათ და ეგონათ, კაცი მათ სცემდა.

"გუშინ გაკვეთილების შემდეგ დადამ დამირეკა გახარებულმა, ძალიან მაგარი იყო ყველაფერიო და ბავშვებს მაკდონალდსში გვინდა წასვლა, რო პირველი დღე აღვნიშნოთო. ქონდათ დიდი ჟრიამული. ცხადია, დავრთე ნება, ძალიან მიხარია უკვე ასეთი დამოუკიდებლები და ყოჩაღები რო არიან. მერე ერთ-ერთი ძმაკაცი სტუმრად გამოყვა და ჩვენთან დარჩა. თავისით გაიკეთეს საჭმელი, სანამ მე ვმუშაობდი, იმეცადინეს და საღამოს დღის მიმოხილვა რო დავიწყეთ, ისეთი რამე მითხრეს, ჭკუიდან შევიშალე! თურმე დადას მეგობარს ჩასარიცხ აპარატთან რაღაც საქმე ჰქონდა და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეუვლიათ.

დაცვის თანამშრომელი დადას მიადგა, გოგო ხარ თუ ბიჭიო, თუ ბიჭი ხარ, საყურე რატო გიკეთიაო, ვინ გაგიკეთაო. დადაც პასუხობდა თურმე ყველა კითხვას აუღელვებლად, მაგრამ რაღაც მომენტში შემეშინდაო, ისე იქცეოდა, მეგონა გვცემდაო (ხო, არ მოგეჩვენათ!). უზრდელები ეძახა თურმე ამათ ყველას, რადგან დადას მეგობრები ძალიან ყოჩაღად შეეკამათნენ, გოგოს ეკეთება საყურე თუ ბიჭს, რა მნიშვნელობა აქვს და საერთოდ თქვენ რატო ერევით მაგაშიო. თან ხო სასწაულად მეამაყებიან ეს ბავშვები, რომ ვერც კი ხვდებიან ამ სიგიჟეების არსს, ბუნებრივად უჩნდებათ პროტესტი და თავს და ერთმანეთს იცავენ, მაგრამ თან თავისუფალ ადამიანად რო ვზრდი ბავშვს, ზოგჯერ მგონია, რო ძალიან საშიშ რამეს ვაკეთებ მისთვის და რაც უფრო დამოუკიდებელი ხდება, მით უფრო ვდგები საფრთხეების წინაშე", - წერს სუბელიანი.

ის საქართველოს ბანკს მიმართავს:

"ვაჟას ძეგლთან ექსპრეს ფილიალში გუშინ ვინც მორიგეობდა, ის ან დაკარგავს სამსახურს, ან ჩემით ვიპოვი და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! (ოღონდ დოკუმენტი მჭირდება, რომ ნამდვილად მოახდინეთ რეაგირება!). თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენც აუცილებლად გიჩივლებთ, რადგან სწორედ თქვენს სივრცეში იგრძნო საფრთხე სამმა 11 წლის ბიჭმა და რომ მოვიგებ, ეჭვი არ შეგეპაროთ", - ამბობს სუბელიანი.

ფორმულას საქართველოს ბანკში უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ მოკვლევა დაწყებულია. მათი განმარტებით, აღნიშნული პიროვნება არ არის ბანკის თანამშრომელი, დაცვის პოლიციის თანამშრომელია.


close დახურვა