ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეზე მედიისთვის ღია სასამართლო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღეს პროცესზე ზაზა სარალიძესა და მიხეილ კალანდიას ოჯახს შორის დაპირისპირება მოხდა. მოკლული დავით სარალიძის მამამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის შვილის დაკითხვისას დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც სუბელიანმა სასამართლოში განაცხადა, სარალიძის მამას სიმართლის გაგება არ სურს იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე ბავშვები მხოლოდ შერიგების მიზნით შეიკრიბნენ. სარალიძე ბრალდებულის დაკითხვის დროს გაღიზიანდა, დარბაზის დატოვების დროს მას დაკავებული მიხეილ კალანდიას მამამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ჟურნალისტებს კი ოჯახმა უთხრა, რომ დღეიდან ყველას საკადრის პასუხს გასცემს.
სუბელიანი ყვება რომ დავით სარალიძესა და მის მეგობრებთან პირველი კამათი მას და მის მეგობარს სკოლის საპირფარეშოში მოუხდათ. მიზეზად სუბელიანი სათამაშო იარაღს ასახელებს, რომლიდანაც მისი მტკიცებით დაჩი ღლონტმა უმისამართოდ ისროლა. სუბელიანი ამბობს, რომ კონფლიქტი მეთერთმეტე კლასელებთან ვერ მოგვარდა და გაკვეთილების შემდეგ მათ საქმის გასარჩევად, სკოლის გარეთ დაიბარეს. სუბელიანმა დახმარებისთვის დეიდაშვილს, მიხეილ კალანდიას დაურეკა. ის ამბობს, რომ მაშინ დარწმუნებული იყო კალანდია, დაპირისპირებულ მხარეებს შეარიგებდა, რადგან 51-ე სკოლის მეთერთმეტე კლასელებთან საერთო მეგობრები ყავდა. ალექსანდრე სუბელიანმა მოყვა ფარდულში ვინ სად იდგა, რამდენნი იყვნენ თუმცა თქვა, რომ არ დაუნახავს ვინ ვის დაარტყა..
სასამართლოს დღეს ბრალდებულმა კალანდიამაც მიმართა.
ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს სასიკვდილოდ 2 მოზარდი დაიჭრა დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის პასუხისგებაში 1 პირია მიცემული გიორგი ჯანაშია. მიხეილ კალანდია გამოძიებამ რამდენიმე თვის წინ დააკავა, მას დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ედება. კალანდია ბრალს არ აღიარებს.