logo
ENG



სულხან სალაძე: პოლიტიკური პროცესები ნამდვილად ჩიხშია შესული

17 დეკ 201912:37
3 წუთის საკითხავი
 
mxs15y26caow3bq.jpg

„პოლიტიკური პროცესები ნამდვილად ჩიხშია შესული,“ - საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე ამერიკელი კონგრესმენების წერილს ეხმაურება.

მისი განცხადებით, როდესაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და რეალურად მიუთითებენ იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც ქვეყანა დგას, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქცოს.

„პოლიტიკური პროცესები ნამდვილად ჩიხშია შესული. ვხედავთ იმასაც, რომ თუ მმართველი პარტია არ წავა დათმობებზე და არ გადადგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს, ეს პროცესი დარჩება ისევ ჩიხში და ეს არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და ამ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები საუბრობენ არსებულ პრობლემებზე და რეალურად მიუთითებენ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსთვის ეს უნდა იყოს ისეთი შეტყობინება, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს,“ - განაცხდა სულხან სალაძემ.  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე კი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენების შეფასება მკაფიოა, რომელიც გამოხატავს ქართველი საზოგადოების განწყობას და სრულ თანხვედრაშია ამ ხედვასთან რაც ჩვენ ყველას გვაქვს.

„მკაფიო არის შეფასება, რასაც ამ წერილში ვკითხულობთ. ეს არ არის ახალი, ეს გამოხატავს ქართველი საზოგადოების განწყობას და სრულ თანხვედრაშია ამ ხედვასთან რაც ჩვენ ყველას გვაქვს,“ - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი გიორგი გახარიას ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერილს უგზავნიან და ქართულ მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო აკრიტიკებენ. როგორც წერილში ვკითხულობთ, ამერიკელი კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და შოკირებულნი არიან პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნით. წერილში, ასევე, საუბარია ქართველი ხალხის არჩევანზე. გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი და ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.


close დახურვა