logo
ENG



სულხან სალაძე: სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, გამოძიების ხაზი გააგრძელა

28 ოქტ 201918:07
3 წუთის საკითხავი
 
9sef8vkx43wg8r6.jpg

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, გამოძიების ხაზი გააგრძელა, ამიტომ 20 ივნისის საქმეზე ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ.

საქმე ეხება, 20 ივნისის საქმეს, რომელზეც სასამართლომ დღეს ზეპირი მოსმენით მიიღო გადაწყვტილება და დაზარალებულად არ ცნო აქციის ღამეს დაშავებული 16 სამოქალაქო პირი, მათ შორის 8 ჟურნალისტი.

„მთავარი, რაც ამ გადაწყვეტილებიდან მივიღეთ, არის ის, რომ პრაქტიკულად სასამართლო აგრძელებს იგივე ხაზს, რასაც ამბობდა გამოძიება. ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს, სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან, დანაშაული არ მომხდარა. ეს აპრიორი უკვე გამორიცხავს იმას, ისინი ამ საქმეს გამოიძიებენ. ამის მოლოდინი არც ადრე ყოფილა. თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის სწორედ ის, რომ კონკრეტულ პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიადგათ, ნაწილის რეზინის ტყვიებით, ნაწილს კი პოლიციელთა ქმედების შედეგად, სახელმწიფო არ აღიარებს და არ თვლის, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულს,“ - აცხადებს სულხან სალაძე.

20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომური, რომელმაც თვალი დაკარგა, ამბობს, რომ სასამართლოს იმედი ჰქონდა, თუმცა ისიც გაუცრუვდა.

„პირველად რომ მივმართეთ პროკურატურას, ვიცოდით რა შედეგიც იქნებოდა, მეორედ მეგონა რომ დადებითი პასუხი იქნებოდა, სასამართლოზე კი უკვე დარწმუნებით ვიცოდი, რომ დადებითი პასუხი იქნებოდა. აქაც უარი მივიღეთ და არ ვიცი რის გამო მოხდა ასე,“ - აცხადებს გომური.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ირაკლი ხვადაგიანი თვლის, სახელმწიფო გარდა პოლიტიკური ბრძოლისა, სხვა გზას არ ტოვებს, რათა სახელი დავარქვათ იმას, რაც მოხდა.

 


close დახურვა