logo
ENG



სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი: წინა დღეებში იყო თავდასხმა ეკლესიაზე, შედეგმაც არ დააყოვნა

27 ნოე 202214:15
3 წუთის საკითხავი
clock 353
2022/11/27/jxg1lhjzfj356la.jpg

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი, მეუფე სვიმეონი ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარში კრიტიკული მედიის როლს ხედავს - მისი თქმით, "წინა დღეებში იყო თავდასხმა ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე და შედეგმაც არ დააყოვნა".

"მოგეხსენებათ კარგად, ტელევიზიები არიან აქ და მოგეხსენებათ ყველას, რომ მე არასდროს გამოვირჩევი ინტერვიუებით იმიტომ, რომ ხდება არასწორი ინტერპრეტაცია, არასწორად მიტანა საზოგადოებაში იმ აზრის, რასაც ვამბობთ ჩვენ. სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არა მარტო ტელევიზიების, ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგი არის ის, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ ჩვენს ეპარქიაში. წინა დღეებში იყო, მოგეხსენებათ, თავდასხმა ეკლესიაზე, პირადად ჩემზე და შედეგმაც არ დააყოვნა", - თქვა მან.

ხაშურის დედათა მონასტერს 2 პირი თავს დაესხა - ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. მონაზონი ფიზიკური დაზიანებებით თბილისში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ - დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხაშურში, დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გამოეხმაურა და მომხდარი კრიტიკულ მედიას დააბრალა.

ჯაღმაიძე Facebook-ზე წერდა, რომ მომხდარი "ანტიეკლესიური კამპანიის" შედეგია, რომელსაც მისი მტკიცებით, კრიტიკული მედია ეწევა.

ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა საზოგადოებაში - სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების მედიასაშუალებებზე გადაბრალება "უკიდურესად საშიში და არასწორია". 

გირჩი-მეტი თავისუფლებამ კი ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მომხდარი ძალადობის ფაქტი მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას" დააბრალო და ამისთვის პირველ, რიგში საჭიროა, საერთოდ არ გქონდეს სინდისი.


close დახურვა