დღეს სურამში მუშები გაიფიცნენ და აქციას მართავენ. მიზეზი გუშინ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევაა, რის შედეგადაც 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
მუშები ითხოვენ, რომ გარდაცვლილის ოჯახმა სამშენებლო კომპანიისგან ფინანსური დახმარება მიიღოს. გაფიცულების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კონტრაქტის პირობების შესრულებაა.
ისინი ამბობენ, რომ კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებს და ადგილზე უსაფრთხოების ზომები არაა დაცული. გაფიცულებს კომპანიის ან ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე არ შეხვედრიან.
„ახალგაზრდა ბიჭი მოკვდა, გვაინტერესებს იმ ოჯახს რას აუნაზღაურებენ. ეს გვაინტერესებს პირველ რიგში. მერე გვაინტერესებს კონტრაქტი, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი. ის უნდა შეასრულონ, რაც გვიწერია, პირველ რიგში უსაფრთხოებიდან დაწყებული ყველაფერი: შვებულება გვეკუთვნის, დასვენების საათებიც და არაფერი არ გვინაზღაურდება.
ვიღაც უნდა მოვიდეს ქართველი წარმომადგენელი და მოვთხოვოთ პასუხი. გაფიცვას ვაწყობთ და თუ შეგვისრულებენ რაც გვინდა და დააკმაყოფილონ უბრალო, ელემენტარული კონტრაქტში რაც გვიწერია“, - ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა ერთ-ერთმა მუშამ.
ფორმულას ინფორმაციით შსს-მ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.