logo
ENG



სურსათის სააგენტომ ნიკორას მზა კერძების საწარმოო პროცესი შეუჩერა

24 აგვ 202319:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/24/id307phpvmfnmtk.jpg

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიკორას მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა.

მათი ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო 2 შეტყობინება 8 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ.

მათივე ცნობით, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს ნიკორას სასურსათო მაღაზიებში შეძენილი "კოტლეტი კიევური".

"შეტყობინებების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს ინსპექტირება ნიკორა ტრეიდის სასურსათო მარკეტებში მისამართებზე: თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N62/495; თბილისი, ხომლელის ქუჩა და აეროდრომის დასახ. მე-7 ქუჩას შორის, ასევე, მიკვლევადობით დადგენილ ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოებაში (აღმაშენებლის ხეივანი 1.6 კმ), საიდანაც ორივე მარკეტი "კოტლეტი კიევურით" მარაგდებოდა.

სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა.

შედეგად, სს ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ "კოტლეტი კიევურის" ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე.

მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკორაში აცხადებენ, რომ ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება.

"მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე გრაკოს, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია ჯეო დისტრიბუცია. რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ, მასშტაბი პრობლემის განვრცობის ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებულის მიზნით", - აღნიშნავენ კომპანიაში.


close დახურვა