უკვე ერთი საათია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა იმართება ერგნეთში, სადაც ევროკავშირის მისიის დამკვირვებლის დროებით დაკავებას განიხილავენ. შეხვედრას ევროკავშირის მისიის წევრებთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებიც ესწრებიან. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საერთაშორისო დამკვირვებელთან დაკავშირებული მოვლენებია და ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა ადგილზე მდგომარეობა უფრო მეტად არ დამძიმდეს.
"რაც შეეხება გადასასვლელების დაკეტვას, რაც განახორციელა საოკუპაციო რეჟიმმა, ჩვენ ამ საკითხსაც შევეხებით, რადგან ეს მათვე პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, ისევე როგორც გუშინდელი შემთხვევა, როცა ხელი შეეშალა რეგიონში ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში. მიჭირს წინასწარ განვსაზღვრო შეხვედრის მონაწილეთა კონსტრუქციულობის ხარისხი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებთ ყველა საკითხი, დავაყენოთ პრინციპულად, რათა სიტუაციამ უფრო სერიოზული განვითარება არ მიიღოს და არ გაიზარდოს დესტაბილიზაციის საფრთხე. საოკუპაციო ძალების ნებისმიერი აქტივობა, ეს არის კარგად ორკესტრირებული და პროცესი არის ერთი, ამიტომ სხვადასხვა კონტექსტში ამ პროცესის განხილვა სწორი არ იქნება. სამართალდამცავი სტრუქტურები წარმოდგენილნი არიან ადგილზე და უზრუნველყოფენ წესრიგს. რაც შეეხება სიმშვიდის განცდას, რა თქმა უნდა, მოსახლეობა განიცდის, როცა მათ სახლთან ახლოს ასეთი ნეგატიური პროცესი ვითარდება,"-აცხადებს ირაკლი ანთაძე.