logo
ENG



სუს-ის ანგარიში პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის არის გამოყენებული - აბესაძე

16 აპრ 202017:56
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად გასული წლის 20 ივნისის მოვლენებზეა საუბარი, ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, სუს-ი რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე რეაგირების ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების დევნაზეა ორიენტირებული.

„სახელმწიფოსთვის გამოწვევად შეფასებული არა მართლმადიდებლობის ასამბლეის საქართველოში ჩატარება რუსეთის თავმჯდომარეობით, ბატონი გავრილოვის და სხვა კომუნისტების ქვეყანაში შემოყვანა, არამედ ის ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც სისხლში იქნა ჩახშობილი გახარიას მხრიდან. ასეთ პირობებში ვართ ჩვენ უკვე ბოლო წლებია. კარგად ვხედავთ, რომ რუსული საქმიანობის თუ სხვა მიმართულებით საფრთხეების თავიდან  აცილების თვალსაზრისით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბევრს არაფერს აკეთებს, სამაგიეროდ მუდმივად აქტიურები არიან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში. სუს-ის ანგარიში ფაქტობრივად პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მცდელობისთვის არის გამოყენებული“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ამ პოზიციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძეც იზიარებს. ის აცხადებს, რომ სუს-ი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ანგარიში, რაც მე წავიკითხე, არის პრაქტიკულად არაფრის მთქმელი. ფუნქცია, რომელიც უნდა ჰქონდეს ამ ორგანოს, უსაფრთხოების საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის, ძირითადი გამოწვევების ჯაშუშური ქსელების აღმოჩენის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს ფუნქციები არ აქვს, ვერ ასრულებს. ერთადერთი ფუნქცია არის რეპრესიული და სწორედ ეს გამოჩნდა 20 ივნისთან დაკავშირებულ ფრაგმენტში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი. სუს-ი აქციის მონაწილეების ქმედებებს აგრესიად და ძალადობად აფასებს.


close დახურვა