logo
ENG



სუს-ის თქმით, ბათუმის მოლებში ბომბზე ცრუ შეტყობინება ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა

22 იან 202408:52
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გუშინ ბათუმის მოლებში ბომბის შესახებ შესულ შეტყობინებაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შეტყობინება ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა.

მათივე განცხადებით, იქ მიზანმიმართულად იყო მითითებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ნომერი. როგორც უწყებაში ამბობენ, ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.

"ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე. მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს", - აცხადებენ სუს-ში.

უწყებაში საუბრობენ 30 დეკემბერს და 17 იანვარს გალერეა თბილისში ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებულ ცრუ შეტყობინებებზე და აცხადებენ, რომ ისიც საზღვარგარეთიდან განხორციელდა და უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

"ასევე, ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გუშინ ბათუმის ოთხივე დიდ მოლში - გრანდ მოლში, ბათუმი მოლში, ბათუმი პლაზასა და მეტრო სითიში ევაკუაცია გამოცხადდა. 

გამოცემა ბათუმებელის ცნობით, ოთხივე მოლი მოქალაქეებსა და დასაქმებულებს დაატოვებინეს და შენობებში კინოლოგები მუშაობდნენ.


close დახურვა