სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა ექიმი გელა ღუნაშვილიც. ის BBC-ის საგამოძიებო ფილმში ნახსენები კვლევის ერთ-ერთი თანამკვლევარია.
მისი დაბარების შესახებ ინფორმაციას კვლევის თანაავტორი კონსტანტინე ჩახუნაშვილი ავრცელებს, რომელიც დღეს დილას ასევე დაიბარეს სუს-ში.
გარდა კონსტანტინე ჩახუნაშვილისა, გამოკითხვაზე დაბარებულია დავით ჩახუნაშვილიც - ისინი დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ.
***
BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ "ცრუ ბრალდებებს" შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული "მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების" გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.
მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.
