logo
ENG



სუს: გოგაშვილი არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, გამოვიყენეთ პროპორციული ღონისძიებები

18 ივლ 202217:24
3 წუთის საკითხავი
 
სუს: გოგაშვილი არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას, გამოვიყენეთ პროპორციული ღონისძიებები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "გოგაშვილი არ დაემორჩილა უწყების წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები".

უწყების ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ გოგაშვილმა, წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარეობისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები".

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის IV ნაწილით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მოსამართლის განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პერსონალური მონაცემების ხელყოფის (სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის IV ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის III ნაწილი) და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) ფაქტზე დაკავებულ იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა, წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარეობისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდგავრცელებას. შედეგად, დაირღვა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები.

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და დამატებით მიღებული ინფორმაციის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციისა და სამსახურის სხვა უფლებამოსილი დანაყოფების თანამშრომლების მიერ სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ჩატარდა იოსებ გოგაშვილის პირადი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული 8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, მის მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ორი არარეგისტრირებული და სამი სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ასევე, ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით მასალა, კერძოდ, კომპიუტერული ტექნიკა, ინფორმაციის მატარებელი სხვა ელექტრონული მოწყობილობები, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებისა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები. რაც შეეხება, საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებსა და ფრაგმენტულ ვიდეოკადრებს, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იოსებ გოგაშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე არ დაემორჩილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას, არ გახსნა შესასვლელი კარი და შეეცადა მოსამართლის განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელის შეშლას, რითაც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე შეიქმნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების უზრუნველსაყოფად და ადგილზე მყოფი პირების მიმართ შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოყენებულ იქნა პროპორციული ღონისძიებები.

შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე იოსებ გოგაშვილს 2022 წლის 17 ივლისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს 2022 წლის 18 ივლისს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს მოპოვებული ნივთმტკიცებების შესწავლა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია"- ნათქვამია განცხადებაში.

 

***

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, გამთენიისას სპეცოპერაციით დააკავეს. 

ადვოკატების თქმით, დაკავების შემდეგსოსო გოგაშვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა - აქვს შეშუპებული ლოყა და კიდურებზე დაზიანებები აღენიშნება. 

ამასთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. სავრაუდოდ, ჩატარდება ექსპერტიზაც. 

დაკავების დროს გაჩხრიკეს გოგაშვილის და მასთან დაკავშირებული ადამიანების სახლებიც. მისი შვილის თქმით, სახლებიდან წაიღეს ტელეფონები, კომპიუტერები, პლანშეტები, მეხსიერების ბარათები. 

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ჰქონდა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. 

რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.


close დახურვა