სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა. უწყების ცნობით, ფაქტზე უკვე შეატყობინეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და გააქტიურდა ცხელი ხაზი.
სუს-ის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა. არსებული მონაცემებით, უკანონოდ დაკავებული პირი გალშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამიანების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება", - წერია სუს-ის განცხადებაში.
სუს-ში ასევე აცხადებენ, რომ უკანონო დაკავების ფაქტზე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებსაც შეატყობინეს. მიმდინარეობს მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.