სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ "სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა პირების მხრიდან ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით".
უწყებას არ ავიწყდება შეხსენება, რომ "მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან/და ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ უწყება "თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად".
სუს-მა ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით 29 ოქტომბერს დაიწყო.
უწყების მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ ხელის შეშლის მიზნით, "გზების ბლოკირება და დესტრუქციული ქმედებებით, ქაოსისა და უკონტროლო სიტუაციის შექმნა".
სუს-ი ამბობს, რომ ამ ადამიანებს "განზრახული აქვთ, აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებებს ადგილი შესაძლოა ჰქონდეთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც".
სუს-ი აცხადებს, რომ ამ ბრალდების მტკიცებულებად მათ აქვთ 2-საათიანი აუდიო ჩანაწერიუ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია გაკეთებული და ის დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს.
ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც, სუს-ის მტკიცებით, სახელმწიფოს დამხობის საქმეში ფიგურირებს, ბესიკ წერედიანია. ის გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე დათანხმდა. გამოკითხვა 2 ნოემბერს გაიმართა.
წერედიანმა თქვა, რომ იმ შინაარსის ტექსტებს, რაც სუს-ის აუდიოჩანაწერშია, თავად ყოველდღე წერს ფეისბუქზე. მისივე თქმით, მას აქვს დემონსტრაციების და პიკეტირების მოწყობის უფლება.
"თუ ეს სახელმწიფო გადატრიალებაა და ამისთვის მიპირებენ დაკავებას, კი ბატონო, მზად ვარ. არ არსებობს არავითარი სია, არავითარი მანქანები ა.შ. ამიტომ, ერთადერთი, რასაც მიირებს ხელისუფლება ჩემი დაკავებით, იქნება კიდევ ერთი მოშიმშილე პატიმარი, პოლიტიკური შავი ხვრელი". - ამბობს ბესიკ წერედიანი.