სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი საპროტესტო აქცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის და ადგილზე წარმოდგენილი საპოლიციო დანაყოფების ფუნქციონირებას, საოკუპაციო რეჟიმის მიზნებსა და ამოცანებში ჯდება.
როგორც სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გიორგი საბედაშვილიმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საზოგადოების პროტესტი ლეგიტიმურია, თუმცა ხალხმრავალი შეკრების გამართვამ, შესაძლოა, ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო დააზიანოს.
"უკანონო დაკავების ფაქტზე საზოგადოების პროტესტი ლეგიტიმურია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იზიარებს აღნიშნულ პროტესტს. თუმცა, პროტესტის დროს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები.
ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხალხმრავალი საპროტესტო შეკრების გამართვამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო. მეტიც, აღნიშნულ პროცესში, შესაძლოა, პირდაპირი საფრთხე დაემუქროს ადგილზე წარმოდგენილ სამოქალაქო პირებსა და პოლიციას", - განაცხადა საბედაშვილმა.
მისივე თქმით, უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიზება პროცესებს კრიტიკულად აზიანებს.
"კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების საკითხების, განსაკუთრებით კი უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიზება კრიტიკულად აზიანებს პროცესებს და მიუთითებს აღნიშნულის განმახორციელებელთა არაპროფესიონალიზმზე. კონკრეტული უკანონო დაკავების განხილვისას დისკუსიაში პოლიტიკური ნარატივის შემოტანა ქმნის ბუნდოვანებას და შეუძლებელს ხდის საკითხის თანმიმდევრულ განხილვას. უკანონო დაკავებების პოლიტიზება და აღნიშნულის შედეგად პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნა საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს", - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.