logo
ENG



სუს: ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მერიის 2 თანამშრომელი დავაკავეთ

26 თებ 202417:44
3 წუთის საკითხავი
clock 311
2024/02/26/slcps48l2698l2z.jpg

სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურში აცხადებენ, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორი თანამშრომელი დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

გამოძიებას სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია. 

"ამ ეტაპზე არაფერს საუბრობს თვითონ დაკავებული. შეუძლოდ გახდა და ძირითადად ამაზე შევყოვნდით სამმართველოში. ამ ეტაპზე, არანაირი ინფორმაცია ჩემთვის არ მოუწოდებიათ, საქმის მასალებსაც არ გავცნობივარ. არც ბრალის წაყენება არც ყოფილა, როგორც ვიცით, ზეპირსიტყვიერად ხვალ უნდა მოხდეს. სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიება შემდეგ იქნება და მეტს ვერაფერს გეტყვით. თვითონ დაბნეულია, არც აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს დაკავებული", - აცხადებს ადვოკატი თამარ კვარაცხელია.


close დახურვა