სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფორმულას პასუხობს, თუ რატომ არ არის საჯარო მათი ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის და ასევე, მისი მოადგილეების ქონებრივი დეკლარაციები.
სუს ამბობს, რომ აღნიშნული პირები უწყების ხელმძღვანელ რგოლს წარმოადგენენ და არსებული პრაქტიკის შესაბამისად, მათი დეკლარაციები საჯაროდ არ ქვეყნდება.
"საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის პრეტენზიის მქონე რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელ რგოლს დეკლარაციის საჯაროობა, უფრო მეტიც, ბევრ შემთხვევაში, მისი წარდგენაც არ ევალება.
ჩვენს შემთხვევაში მზადდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, იცვლება მხოლოდ ერთი პუნქტი - მისი საჯაროობა. არასერიოზულია უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები და მათი მონაცემები იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი", - აცხადებს სუს.
6 აპრილს პუბლიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის და მისი ოთხი მოადგილის ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ აღარ იძებნება. ამასთან, წაშლილია მამუკა მდინარაძის დეკლარაციებიც 2017 წლიდან, როცა ის პარლამენტის წევრი იყო.
