სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, დმანისში მომხდარი დაპირისპირების გამო, რამდენიმე პირია დაკავებული.
როგორც ლილუაშვილმა ფორმულას განუცხადა, ამ ეტაპზე ადგილზე სიტუაცია განმუხტულია. მისივე თქმით, საკითხით ეთნიკურ ჭრილში გადატანა არ უნდა მოხდეს.
"რეაგირება იყო სათანადო. მყისიერად მოხდა გამოძიების დაწყება და დაკავებულია რამდენიმე პირი. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ყველა ზომა გატარდა, მათ შორის დაკავება. ჯგუფებთან მუშაობდა როგორც შსს ისე სუსი. უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა.
თუ ვინმე შეეცდება ამ საყოფაცხოვრებო პირობებზე დაწყებული კონფლიქტის გადაზრდას ეთნიკურ საკითხში, მკაცრად დაისჯება, ამას არ დავუშვებთ. ხშირად კეთდება ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები. საფრთხე ყოველთვის ყველაფრის არსებობს, მაგრამ ახლა მინიმალიზებულია", - ამბობს ლილუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.
დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო.
დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დააკავეს რამდენიმე ადამიანი.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ.
16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა.
საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით.
შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა.
მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.
კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ხის ხელკეტებით უპირისპირდებიან. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. გუშინდელ ჩხუბში ჩართული მოქალაქეები პოლიციაშიც გამოჰკითხეს.