ნიკა ლალიაშვილი ტელეკომპანია იმედის დირექტორი გახდა. გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა 31 ივლისს მიიღეს. ინფორმაცია დასტურდება "ტელეიმედის" საჯარო რეესტრის ამონაწერშიც.
ლალიაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე არხის დირექტორი ელდარ მდინარაძე იყო.
ლალიაშვილი იმედში გადაცემა "Swot ანალიზის" წამყვანი იყო. 2019 წლის 27 ნოემბრის ცნობილი ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან სწორედ ლალიაშვილს მიჰყავდა.
ასევე მის სახელს უკავშირდება აგვისტოს ომის შესახებ მომზადებული ფილმი, რომელსაც "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" ერქვა. "იმედის" ეთერში გასვლის შემდეგ არხის თანამშრომლები ფილმს გაემიჯნენ და განაცხადეს, რომ მათთვის აგვისტოს ომის შესახებ ფულმში გამოთქმული ვერსია მიუღებელი იყო, რის შემდეგაც ფილმი ტელეკომპანიის Facebook გვერდიდან წაიშალა.