logo
ENG



ტელეკომპანია ფორმულამ თანამშრომლებისთვის 25%-იანი წილის გადაცემა ნოტარიულად გააფორმა

09 ივნ 202319:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/09/hd8o19m0i6wq67t.png

დღეს მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე  ტელეკომპანიის მენეჯმენტმა კოლეგებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს ახალი ა(ა)იპ-ის "თავისუფლების ფორმულას" ნოტარიულად გაფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ა(ა)იპ "თავისუფლების ფორმულას" სიმბოლურ 1 ლარად გადაეცა ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წილის ნახევარი და გახდა ტელეკომპანიის 25%-ის მფლობელი.

ამ ცვლილებით, ტელეკომპანია ახლა უკვე ლეგალურადაც უზრუნველყოფს სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ა(ა)იპ "თავისუფლების ფორმულას" მიზნებია:

  •  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა მედიაში

  •  კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების საქმიანობის მხარდაჭერა და გაძლიერება

  •  მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეწყობა

  • მედიაში დასავლური კურსისა და ევროპული ღირებულებების განმტკიცება

  • მედიაში მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებისა და ჟურნალისტური ეთიკის დაცვაზე ზედამხედველობა

ორგანიზაცია დამოუკიდებელია შპს "ფორმულა"-სგან, სხვა იურიდიული პირებისგან, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებისგან, სხვა მეწარმე/არამეწარმე სუბიექტებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან. 

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, გაფორმდა კონტრაქტი პარტნიორ ამერიკულ კომპანიასთან. თანამშრომლობის მიზანი კი არის, ქვეყანაში "მთლიანად ქართული, კრიტიკული მედიების ინტერესების დაცვა" და ამერიკაში, ამ საკითხით დაინტერესებული პირების ინფორმირება კრიტიკული მედიის პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. 

"ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ის, რომ ამერიკაში ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას ვის მოვალეობაშიც შედის კრიტიკული მედიის მხარდაჭერა მათ მეგობარ ქვეყნებში, ჩვენ ვიქირავეთ ეს ორგანიზაცია, დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ მთლიანად ქართული მედიის ინტერესები, კრიტიკული მედიის ინტერესები იყოს დაცული. იმისთვის, რომ ყველამ, ვაშინგტონში, იქნება ეს სენატი, კონგრესი თუ აღმასრულებელი ხელისუფლება, პასუხისმგებელმა პირებმა იცოდნენ თუ რეალურად რა ხდება ქართულ მედიაში, თუ რა გამოწვევებია. მათ შორის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება ნიკა გვარამიას უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობის შესახებ მათი ინფორმირება და ჩვენ გვაქვს იმედი იმისა, რომ ამერიკაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა ყველანაირი ასპექტით, ყველა კომპეტენტურ პირსა თუ ორგანიზაციას მიეწოდება მეტი ინფორმაცია იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რაც დღეს აქვს კრიტიკულ მედიას."- ზუკა გუმბარიძე.

ა(ა)იპ "თავისუფლების ფორმულას" გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც კომერციულ ტელევიზიაში გუნდს ეძლევა ამხელა დოზით პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა. 

"თავისუფლების ფორმულას მართავს გამგეობა, გამგეობას ყავს არჩეული თავმჯდომარე და ეს არის როტაციული, ანუ ეს არ არის მუდმივი პოზიცია. წილს ფლობენ ისინი, ვინც მუშაობენ ფორმულაში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენ ან განვასხვისოთ წილი ან ამ წილით რაღაც მოქმედებები ჩავატაროთ, არა, უბრალოდ, მუდმივად, ვინც იმუშავებს ფორმულაში, მას ექნება ეს 25%. შესაბამისად, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც კომერციულ ტელევიზიაში გუნდს ეძლევა ამხელა დოზით პროცესებში მუდმივი ჩართვის, მათზე მუდმივი მეთვალყურეობის, მონიტორინგის შესაძლებლობა."- ნინო ჟიჟილაშვილი.  


close დახურვა