ჟურნალისტსა და ფორმულას გადაცემა კონტექსტის წამყვანს, ირაკლი ტაბლიაშვილს უცნობი პირები ემუქრებიან. რამდენიმე დღეა მას სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებიან რუსულენოვანი პირები. ბოლო ასეთი სატელეფონო ზარის შემდეგ, ჟურნალისტმა პოლიციას მიმართა.
ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მას ორჯერ დაუკავშირდა პირობით, რომ პოლიციაში ჩვენების მისაცემად დაიბარებდნენ გუშინვე, თუმცა, უწყებიდან შემდეგ აღარავინ გამოჩნდა. დღეს ჟურნალისტი პოლიციაში მისვლას თავად გეგმავს.
ტელეწამყვანი ყვება, რომ სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებიან და ეცნობიან "ევგენით", თუმცა სხვადასხვა ადამიანია.
"თითოეული მათგანი მომმართავდა "გასპადინ ირაკლი", ანუ "ბატონო ირაკლი". იცოდნენ ვის უკავშირდებოდნენ. ბოლოს ვინც დამიკავშირდა მე მისი მოცილება ვცადე საკმაოდ უხეშად ვცადე, გავუშვი იქ, სადაც უკრაინელებმა რუსული სამხედრო გემი გაუშვეს, ანუ არ მსურდა რა მასთან კომუნიკაცია, ასე გამოვხატე ჩემი პროტესტი. ამ დროს ეს რუსულენოვანი მოქალაქე დამემუქრა მომთხოვა მისამართი, რომელიც მივეცი და მითხრა, რომ გამოუშვეს ოპერატიულ ბრიგადებს ჩემს დასასჯელად.
აქ მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, ჩემი ფაქტორი, მაგრამ ასევე ცოტა უფრო ფართოდაც რომ ვიმსჯელოთ, თურმე არსებობენ, რაც არაა გასაკვირი ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ჯგუფები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, რომ დააშანტაჟონ, დაემუქრონ საქართველოს მოქალაქეებს. ესენი არიან არა ხაზგასმით ვამბობ არა ქართველი რუსულენოვანი მოქალაქეები, არამედ რუსები, ან რუსეთიდან რუსულენოვანი მოქალაქეები", - ამბობს ირაკლი ტაბლიაშვილი.