logo
ENG



ტერაქტი მოსკოვის Crocus City Hall-ში - რა ვიცით ამ დროისთვის

23 მარ 202411:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/23/nm3zsuz1br01ht2.jpg

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 100-ზე მეტი. 

სოციალურ ქსელებში თვითმხილველების ვიდეოებიდან ჩანს, რომ სულ მცირე სამი ადამიანი ხალხის მიმართულებით უმისამართოდ ისროდა. მოგვიანებით დარბაზში აფეთქება მოხდა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობაში ავიაციაც ჩაერთო. ჩამოინგრა დარბაზის სახურავი.

ინტერფაქსი ოპერატიულ ჯგუფებზე დაყრდნობით წერდა, რომ კროკუს სითი ჰოლში მეორე აფეთქებაც მოხდა. გარდა ამისა, გამოცემა წერდა, რომ 100-მდე ადამიანი შენობის სარდაფიდან 100-მდე ადამიანი გაიყვანეს, ასევე, სახურავიდან.

ჯგუფ "პიკნიკის" წარმომადგენელმა გამოცემა Meduza-ს უთხრა, რომ დარბაზიდან მუსიკოსების გაყვანა შეძლეს, ასევე ევაკუირებულნი იყვნენ მაყურებლები.

BBC-ის რუსული სამსახური მომხდარის თვითმხილველს, ფოტოგრაფ დეივ პრიმოვს დაუკავშირდა. პრიმოვი ყვება, რომ დარბაზის აივანზე იყო და კონცერტის დაწყებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი, მოულოდნელად კი რაღაც ხმები გაიგონა.

"ჩემი ამხანაგი, რომელიც ჩემთან ერთად კონცერტზე იყო მეუბნება: "ფეიერვერკია თუ რა?" და ამის შემდეგ დავინახეთ, რომ დარბაზის ქვედა ნაწილში, სცენასთან ახლოს, ხალხი ჯგუფურად მოდის, თითქოს მატარებელს აკეთებენ. ვერ გავიგე, რა იყო.

ამის შემდეგ ფეიერვერკების ხმები უფრო და უფრო ხმამაღალი და ახლო გახდა, დარბაზში უზარმაზარი პანიკა ატყდა, ხალხმა სხვადასხვა მიმართულებით გაქცევა დაიწყო, ერთმანეთს ეჯახებოდნენ, არავითარი ევაკუაცია არ იყო. შემდეგ სროლა დარბაზში დაიწყო, სცენის მარცხენა მხარეს, ცეცხლის ხაზი დავინახე, რომელიც ხალხისკენ მიდიოდა", - ყვება თვითმხილველი და ამბობს, რომ ხალხმა იატაკზე დაწოლა და ფოფხვით გასასვლელისკენ გასვლა დაიწყო.

რა ვიცით თავდამსხმელებზე

ვინ არიან თავდამსხმელები, რა იყო მათი მოტივი და კონკრეტულად რამდენნი იყვნენ, ჯერჯერობით ოფიციალური წყაროებიდან უცნობია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმეზე გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათ საკუთარი განცხადების რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ.

ტელეგრამ არხი Baza წერდა, რომ სამართალდამცავებმა ბრიანსკის ოლქში გააჩერეს მანქანა, რომელიც ტერაქტთან დაკავშირებით იძებნებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ.

Baza-ს ინფორმაციით, ავტომობილი სავარაუდო დამნაშავეებთან ერთად ერთ-ერთი სოფლის მახლობლად, ბელარუსის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში გააჩერეს. პირველადი ინფორმაციით, მანქანაში ექვსი ადამიანი იყო, მათგან ორი დააკავეს, დანარჩენები კი გაიქცნენ. ტელეგრამ არხი ამტკიცებს, რომ დაკავებული ტაჯიკეთის მოქალაქე.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ეძებდნენ თეთრ "რენოს", რომლითაც ტერაქტში ეჭვმინატნილებმა გაქცევა შეძლეს.

როგორ გამოეხმაურა ტერაქტს რუსეთის მთავრობა და საერთაშორისო საზოგადოება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადირ პუტინი ტერაქრს რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოხმაურებია და ამ დრომდე საჯაროდ არ გამოჩენილა. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინს შემთხვევის შესახებ მაშინვე ეცნობა და ოპერატიულ ინფორმაციას იღებდა.

ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკომ თქვა, რომ პუტინმა გამოჯანმრთელება უსურვა ყველა დაშავებულს და ასევე მადლობა გადაუხადა ექიმებს.

ამასთან, კრემლში განაცხადეს, რომ პუტინი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა დაუშვა, რომ აფეთქება, შესაძლოა "კიევის რეჟიმთან" იყოს დაკავშირებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სამინისტრო სამძიმრის ასობით ზარს იღებს. ასევე მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა, რომელმაც ორი კვირის წინ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები რუსეთში მოგზაურობისგან თავი შეეკავათ და გააფრთხილა მოსკოვში მასობრივ ღონისძიებაზე თითქმის გარდაუვალი თავდასხმის შესახებ, უნდა გადასცეს რუსეთის ხელისუფლებას ნებისმიერი სანდო ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ Crocus City Hall-ს დაღუპულთა ოჯახებსა და დაშავებულებს მიუსამძიმრა. მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მთავრობებმა.

რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობაზე "არაფერი მიუთითებს".


close დახურვა