logo
ENG



ტერორისტული საფრთხის გამო, ლუვრის მუზეუმი და ვერსალის სასახლე დროებით დაიკეტა

14 ოქტ 202321:02
3 წუთის საკითხავი
 

ლუვრის მუზეუმი ტერორისტული საფრთხის გამო დაიკეტა. შესაბამისი ინფორმაცია ლუვრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, მუზეუმი მუშაობას უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აჩერებს.

ლუვრის პრესსპიკერის თქმით, მუზეუმმა მიიღო წერილობითი შეტყობინება, რომელშიც მუზეუმისთვის და ვიზიტორებისთვის "რისკის" შესახებ იყო საუბარი.

"მიმდინარე სიტუაციის კონტექსტიდან და ქვეყანაში ტერორისტული მზადყოფნის მაღალი რეჟიმიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ვიზიტორების ევაკუაცია და ერთი დღით მუზეუმის დაკეტვა. ამის პარალელურად ვატარებთ აუცილებელ შემოწმებებს", - თქვა პრესმდივანმა.

შესაძლო საფრთხის გამო, ლუვრის მუზეუმის შემდეგ ევაკუაცია ვერსალის სასახლიდანაც მოხდა. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.

ევაკუაციის მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა, რომლის თანახმადაც, სასახლეში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. შეტყობინება ადგილობრივმა პოლიციამ ფოსტით მიიღო. ადგილზე სპეციალისტების ჯგუფი გაგზავნეს - ვერსალი დღის ბოლომდე დაიხურა.

უსაფრთხოების ზომები მთლიანად ქვეყნის მასშტაბით გააძლიერეს. მიზეზი ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ არასში მომხდარი თავდასხმაა. 20 წლის ჩეჩენმა დანით ფრანგული ენის მასწავლებელი მოკლა, კიდევ ერთი მასწავლებელი და დაცვის თანამშრომელი კი მძიმედ დაჭრა. თავდასხმის დროს ის ალაჰის სადიდებელ ფრაზას ყვიროდა. პოლიციამ თავდამსხმელი და მისი ოჯახის წევრებიც დააკავა, მათ შორის დედა და ძმა. თავდასხმის შემდეგ სკოლაში პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც იმყოფებოდა და ტერორიზმის ბარბაროსობა დაგმო.


close დახურვა