logo
ENG



ტიკარაძე: არ გამოვრიცხავ, ეტაპობრივად სავალდებულო ვაქცინაციამდე მივიდეთ

04 დეკ 202100:35
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: არ გამოვრიცხავ, ეტაპობრივად სავალდებულო ვაქცინაციამდე მივიდეთ
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ არ გამორიცხავს ეტაპობრივად მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ჯერჯერობით ამის აუცილებლობას ვერ ხედავს და სწორი კომუნიკაციითაც შესაძლებელია ადამიანები მიიყვანონ ამცრელ პუნქტებში.

"იცით, ალბათ, ჩვენი მიდგომა, რომელიც ლოიალურია, მაგრამ, ალბათ მძიმე ფსიქო-ემოციური ფონის პერიოდში, როცა ჩვენ 2 წელია უკვე პანდემიის პირობებში ვართ, ვიცით როგორია ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა, როგორც ფსიქო-ემოციური, ასევე, ეკონომიკური და სოციალური. აქ არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ სავალდებულო აცრების დანერგვა, არამედ მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც. 

არ გამოვრიცხავ, რომ ეტაპობრივად მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე, მაგრამ ჯერჯერობით არსებობს რესურსი, რომ სწორი კომუნიკაციით წავახალისოთ და მივიყვანოთ [მოსახლეობა] ამცრელ პუნქტებში. 

[ახლა] ვერ ვხედავთ აუცილებლობას, რომ სავალდებულო გახდეს ვაქცინაცია. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ამოიწუროს კომუნიკაციის ყველა არხი და ამის შემდეგ მოხდება განხილვა იმის უნდა გახდეს თუ არა ვაქცინა სავალდებულო." - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი ორის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ამას არ დაუშვებს.


close დახურვა