logo
ENG



ტიკარაძე: გავაგრძელებთ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მეუფე იაკობთან თანამშრომლობით

15 ივნ 202110:20
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობის დანიშვნის შემდეგ, სამინისტრო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მასთან ერთად გააგრძელებს.

მინისტრმა პანსიონთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ფორმულასთან გააკეთა.

როგორც ის აღნიშნავს, დარჩენილი ბენეფიციარების ალტერნატიულ სერვისებში გადაყვანა აქტიურად მიმდინარეობს.

"როგორც უკვე ითქვა, ჯანდაცვის სამინისტრო და საპატრიარქო საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და მხარდაჭერით განახორციელებენ ბავშვთა შეფასებას, მათ ოჯახებში ან ალტერნატიულ სერვისებში გადაყვანას. გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად იქნება მიღებული სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების შეფასების მიხედვით.

შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მეუფე იაკობთან თანამშრომლობით", - ამბობს ტიკარაძე.

გუშინ, 14 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით პატრიარქმა ილია მეიორემ მიიღო. 

პანსიონს, მანამდე სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მართავდა. ამ დრომდე იქ კვლავაც რჩება 23 ბავშვი. 

სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება - ომბუდსმენს პანსიონში მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და საპატრიარქო დისკრიმინაციული მოტივით არ უშვებს. 

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬


close დახურვა