ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომაზე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რათა მთავრობას ახალი შეზღუდვების დაწესება არ მოუწიოს.
ტიკარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
"მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არანაირი შეზღუდვები არ დავაწესოთ. სამთავრობო გუნდს მიზნად არ აქვს შეზღუდვების დაწესება, მაგრამ რეკომენდაციებს გავცემთ, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არის მაღალი რისკის მატარებელი", - განაცხადა ტიკარაძემ.
2 ოქტომბერს ქვეყანაში ვირუსის 453 შემთხვევა გამოვლინდა, 295 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 7 206 PCR ტესტირება ჩატარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 7 093 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.