ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდპაციენტების მიღების ნაწილში კერძო კლინიკების აქტივობა გართულებულია და ამის მიზეზად საავადმყოფოები ადამიანური რესურსის ნაკლებობას ასახელებენ. ამის შესახებ მინისტრმა დიღმის ოლიმპიურ დარბაზში განაცხადა, სადაც პირველი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა.
ფორმულას ინფორმაციით, აჭარაში კერძო კლინიკების რესურსი სრულად არაა ათვისებული. ჯერ კიდევ რჩება კლინიკები, რომლებიც კოვიდკლინიკებად გადაკეთებისთვის პირობებს არ თანხმდებიან.
"კერძო კლინიკების აქტივობა, არის საკმაოდ გართულებული, ვინაიდან ისინი აცხადებენ, რომ არ აქვთ ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ მიიღონ პაციენტები. თუმცა აჭარაში და იმერეთში ყოფნის დროსაც ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით კერძო კლინიკების წარმომადგენლებს და მათ მოვთხოვეთ და დავავალეთ დროულად მოახდინონ იმ არსებული რესურსის ოპტიმალურად უზრუნველყოფა, რათა ჩვენი პაციენტებისთვის შესაძლებლობა გვქონდეს მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში გავუწიოთ", - აღნიშნა ტიკარაძემ.