logo
ENG



ტიკარაძე: საზღვრების ჩაკეტვა გაართულებს მგზავრების მონიტორინგს

06 მარ 202012:42
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად სპეციალური საკოორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ამასთან, ტიკარაძემ საზღვრების შესაძლო დაკეტვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების პირობებში ვითარება ქვეყანაში უფრო დაიძაბება.

„საზღვრების ჩაკეტვა გაართულებს მგზავრების მონიტორინგს. ასეთ შემთხვევაში მოხდება მოქალაქეების გაფანტვა და ისინი შეეცდებიან საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შემოვიდნენ", - განმარტა ტიკარაძემ. 

ტიკარაძე ამბობს, რომ უკვე ჩაკეტილი საზღვრების (ირანი და ჩინეთი) განახლება არ განიხილება. 

"არანაირ აღდგენაზე საუბარი არ არის, რადგან ჩინეთშიც არის ინფიცირებულთა მატება", - თქვა მინისტრმა. 

რაც შეეხება შესაძლო ინფიცირებულთა რაოდენობას, მინისტრი ამტკიცებს, რომ ბოლო მონაცემებით 25 ადამიანია გამოვლენილი, რომლებსაც დაავადებულ პაციენტებთან ჰქონდათ შეხება. 

"მოკვლეული არის 25 ადამიანი. ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მათზეც ჩავატარებთ ტესტირებას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

გარდა ამისა, ჟურნალისტები დაინტერესდნენ ხომ არ იგეგმება სასამართლო პროცესების გაუქმება. მინისტრის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამ საკითხებზე მსჯელობა მოხდება. 

"სასამართლოს სხდომების გაუქმებაზე არ გვიმსჯელია, რადგან დღეს საქართველოში ეპიდემიის რისკები საკმაოდ ნაკლებია. თუმცა, დღესაც და ხვალაც, მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ინსტანციებთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან. 

 

 

 


close დახურვა