მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასაკვირვებლად ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმების ჯგუფი შეკრიბა.
იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თანხმობას ელოდებიან.
"იუსტიციის მინისტრის მომართვის საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტების ბაზიდან ჯგუფი შევკრიბეთ. ექსპერტთა ჯგუფი შევახვედრეთ პაციენტის პირად ექიმს, რათა ინფორმაცია გაცვლილიყო და მიგვეღო დასტური, რომ ეს ექსპერტები არიან მისაღები, პირველ რიგში, პირადი ექიმისთვის. ამ ეტაპზე ველოდებით პაციენტის მხრიდან თანხმობას. მას შემდეგ,რ აც მივიღებთ დასტურს, ექიმები ჩაერთვებიან მუშაობაში". - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მინიტორინგის თხოვნით ჯანდაცვის უწყებას იუსტიციის მინისტრმა გუშინ, 12 ოქტომბერს მიმართა.
იუსტიციის სამინისტრომ მიმართა სახალხო დამცველს, განახორციელოს მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, სადაც იუსტიციის და ჯანდაცვის მინისტრებმა და დეპუტატებმა შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს, ნინო ლომჯარიამ თქვა:
"სახალხო დამცველი არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ობიექტურად ახორციელებს დაკვირვებას ციხეში მყოფი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის როლი იქნება ის, რომ ამ ფორმატში ჩვენი მოსაზრებები, რეკომენდაციები თუ შენიშვნები გავუზიაროთ სხვადასხვა უწყებებს".
მისივე თქმით, ერთადერთი უფლებრივი დარღვევა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ამ დროისთვის გამოიკვეთა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის უნებართვოდ გასაჯაროებაა.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 13 დღეა, შიმშილობს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა დაკავების შემდეგ დაიწყო.
ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, შიმშილობის შედეგად ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მისი ინფორმაციით. სააკაშვილს გადაადგილებასა და მეტყველებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ასევე, დაუსივდა ფეხებიც.