logo
ENG



ტიკარაძე პანსიონზე: ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს

16 ივნ 202114:45
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე პანსიონზე: ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს
რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში "ძალიან კარგი მოლოდინები" აქვთ.

როგორც მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, სახალხო დამცველის მანდატი აუცილებლად უნდა აღსრულდეს.

"სახალხო დამცველს გააჩნია თავისი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან არასდროს ყოფილა ხელშეშლა ამასთან მიმართებაში. ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედის და რა თქმა უნდა, ეს მიმართულება განხორციელდება.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში და დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების ინტერესებს", - თქვა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, საპატრიარქოსთან ერთად გაგრძელდება მუშაობა, რომ ბავშვების შესაბამის, მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში გადაყვანა მოხდეს.

ნინოწმინდის პანსიონში ამ დრომდე რჩება 23 ბავშვი, სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება. პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ ნინო ლომჯარიას ჯერ თბილისში შეხვდება და დაელაპარაკება.

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს. 

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬


close დახურვა