logo
ENG



ტიკარაძე პარლამენტში არ მიდის - დეპუტატები მინისტრის იმპიჩმენტზე საუბრობენ

03 ივნ 202020:17
3 წუთის საკითხავი
 

დაუჯდება თუ არა იმპიჩმენტის ფასად მინისტრს პარლამენტის მოსმენის გაცდენა - ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კანონის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ. რეგლამენტს ის სისტემატურად არღვევს.  პოსტზე ყოფნის დროს დეპუტატების დაბარების მიუხედავად, პარლამენტში ტიკარაძე არც ერთხელ გამოცხადებულა. 

ეკატერინე ტიკარაძე კანონმდებლებმა რამდენიმე საკითხზე სასაუბროდ დაიბარეს - მათ შორის არის ეპიდემიის მეორე ტალღა, 520-ე დადგენილება და უმუშევრად დარჩენილი სოცმუშაკები. მინისტრმა  ამ შეკითხვებზე პასუხი პარლამენტს  წერილობით გაუგზავნა. ისიც სხდომამდე ერთი დღით ადრე, რაც ასევე კანონდარღვევაა. ტიკარაძე ერთადერთი მინისტრი არ არის, რომელიც რეგლამენტს სისტემატურად არღვევს.  დისციპლინით არც ვანო მაჭავარიანი გამოირჩევა. საკომიტეტო მოსმენას ერთხელ ისიც გაექცა. „ქართული ოცნება" რეგლამენტის დარღვევაში ტრაგედიას ვერ ხედავს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ტიკარაძე შეხვედრას არაკომპეტენტურობის გამო გაურბის.  ეს დაუმორჩილებლობა მინისტრს ახლა შესაძლოა ძვირად დაუჯდეს - კანონმდებლები იმპიჩმენტის პროცედურაზეც  ალაპარაკდნენ. 

ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მათ შორის არის, ვინც რეგლამენტის შედგენაში მონაწილეობდა. ის ამბობს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულია. საკითხს რეგლამენტის მეორმოცე მუხლი არეგულირებს - მინისტრი ვალდებულია დეპუტატების მოთხოვნას დაემორჩილოს. საკომიტეტო მოსმენის ორგანიზება კი  თავმჯდომარეს ევალება. 

მმართველმა გუნდმა ჯანდაცვის მინისტრის გამართლება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. კერძოდ, ურჩი მინისტრის დაცვა კომიტეტის თავმჯდომარემ სცადა თუმცა არ გამოუვიდა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დიმიტრი ხუნდაძემაც   აღიარა, რომ ეკატერინე ტიკარაძემ რეგლამენტი დაარღვია, თან არა ერთხელ. ის  წელიწადზე მეტია მინისტრის პოსტს იკავებს. თუმცა, საკომიტეტო მოსმენაზე არასოდეს მისულა, იმის მიუხედავად, რომ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა  სამჯერ დაიბარეს.

ტიკარაძემ პირობა დადო, რომ პარლამენტში ივნისის ბოლოს მივა. ეს დრო დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის მისაღები არ არის. კანონმდებლები დღის წესრიგიდან მოთხოვნას არ ხსნიან და  ურჩ მინისტრს საკომიტეტო მოსმენაზე ყოველ დღე ელიან. 

 


close დახურვა