logo
ENG



ტიკარაძე ჩინური კომპანიის ტესტებზე: წინასწარ არ ვიცოდით, რომ ეს იყო უვარგისი და ხარვეზიანი

28 მარ 202017:40
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქართული მხარისთვის ჩინური ტესტების ხარვეზის შესახებ წინასწარ უცნობი იყო. 

ტიკარაძის განმარტებით, როდესაც კომპანიამ ნოტა გამოაქვეყნა და ტესტები ქვეყნებიდან გაიწვია, მათ კონტრაქტი გააუქმეს.

„წინასწარ არ ვიცოდით, რომ ეს იყო უვარგისი და ხარვეზიანი. თქვენ იცით, რომ ევროპის ქვეყნებმაც შეიძინეს ამ კომპანიისგან ტესტები. მაშინვე, როგორც კომპანიამ თვითონ გამოაქვეყნა ნოტა და ევროპის ყველა ტესტიდან თავისი ტესტები გაიწვია, ჩვენ მომენტალურად გავაუქმეთ ხელშეკრულება. თანხის გადარიცხვა ამ კომპანიაზე არ მომხდარა, შესაბამისად მათთან ჩვენი შემდგომი კონტრაქტები არ იგეგმება”, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, ახალი ტესტების შემოტანა კვირას იგეგმება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმდება.

„შემდეგი შემოტანები იგეგმება კვირას. ყველა იქნება სატესტო რეჟიმში, როგორც ყველა დანარჩენი ტესტი, რომელიც აქამდე შემოდიოდა საქართველოში. მოხდება ლუგარის ლაბორატორიაში მათი დატესტვა და უკვე შესაბამისი გარანტიების შემდეგ ჩვენ განვახორციელებთ ფართომასშტაბიან შესყიდვას”, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ კორონავირუსის შესამოწმებლად ჩინური კომპანიისგან ტესტები შეიძინა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნულმა კომპანიამ პროდუქცია უკან გამოიწვია. გაწვევის მიზეზი ტესტების უვარგისობა იყო. ამ ეტაპზე საქართველო მოლაპარაკებებს სხვა კომპანიასთან აწარმოებს. 


close დახურვა