ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩს მაყურებელი არ დაესწროს.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
"ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, რამდენად დიდია რისკი, თუ ჩატარდება საფეხბურთო მატჩი, როგორი იქნება ვირუსის გავრცელება, მაგრამ 8 რიცხვამდე საბჭო კიდევ დამატებით შეიკრიბება და უკვე საბოლოო გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით. ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, [მაყურებლის დასწრება] რეკომენდებული არ არის", - თქვა მინისტრმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მისი პირადი რეკომენდაციაა, რომ მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდეს.
მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება.