ყაზახეთის ლიდერს სურს, რომ 2022 წლის შემოდგომაზე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს. ამის შესახებ ყასიმ ჟომართ ტოკაევმა პირველი სექტემბრის მიმართვის დროს განაცხადა.
საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში 2024 წელს, ხოლო საპარლამენტო 2025 წელს არის ჩანიშნული.
ტოკაევის განცხადებით, სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოვლისმომცველი რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის საზოგადოების ნდობის ახალი მანდატია საჭირო. ის ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდოს, ამავდროულად აიკრძალოს მეორე ვადით არჩევა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ იანვრის საპროტესტო აქციებში მონაწილეებს ამნისტია შეეხებათ, მათ გარდა, ვინც მძიმე დანაშაულისთვის არის გასამართლებული.
"ისინი, ვინც გაფიცვებში მონაწილეობდა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, ჩვენი მოქალაქეები არიან. ისინი იმედოვნებენ, რომ არა მხოლოდ სასამართლო იქნება სამართლიანი, არამედ საზოგადოებაც ლმობიერი იქნება", - განაცხადა მან.
2022 წლის იანვარში ყაზახეთში ფართომასშტაბიანი არეულობა დაიწყო, რომლის მიზეზიც გაზზე გაზრდილი ფასი გახდა. აქციების ჩახშობისთვის ტოკაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრის სახელმწიფოების (ОДКБ) შეიარაღებული ძალები მიიწვია. არეულობის ფონზე ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს, მისმა ნათესავებმა წამყვანი თანამდებობები დაკარგეს.