logo
ENG



ტოტალური კონტროლი სახელმწიფო და საჯარო უწყებების სერვერებზე - სუს-ი ახალ სააგენტოს ქმნის

13 თებ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

ტოტალური კონტროლი სახელმწიფო და საჯარო უწყებების სერვერებზე - არჩევნებამდე 8 თვით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ სააგენტოს ქმნის. ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო უწყებებსა და კერძო კომპანიებს  ისე ანაწილებს, რომ ყველა საჯარო უწყების სერვერზე, ასევე ყველა ინტერნეტ პროვაიდერსა და  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კერძო კომპანიის სერვერზე წვდომის უფლება იპოვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. ოდეერები ეროვნულ  და ყველა დანარჩენ კომერციულ ბანკში იქნებიან.  კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ სააგენტოს ნებისმიერ დროს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის საშუალება ექნება.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა უკვე დაარეგისტრირა. იურისტები, რომლებმაც დოკუმენტები შეისწავლეს, ამბობენ, რომ ინიციატივა  არაკონსტიტუციურია. მათი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტში რუსული კიბერუსაფრთხოების კანონის ანალოგი წარადგინა და სახელმწიფო უწყებებზე სუს-ს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის უსაზღვრო რესურსს აძლევს. არასამთავრობო ორგანიზაციებში კი ფიქრობენ, რომ სუს-ი ამ კანონით უხეშად დაარღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და სუსის კონტროლს ტოტალურს გახდის.

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა გაუგებარია კანონპროექტის ინიცატორისთვის. კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ სუს-ი უნებართვოდ კომპანიების სერვერებს არ გააკონტროლებს. 

კანონპროექტის განხილვაში არაა ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი. სუსისთვის ტოტალური კონტროლის მექანიზმის გადაცემისთვის საპარლამენტო განხილვები პარლამენტში ხვალიდან იწყება, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი პირველი მოსმენით პროექტს კენჭს უყრის. 

 


close დახურვა