აშშ-ისთვის საუდის არაბეთი ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირე უნდა იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის პრინცთან, მოჰამედ ბინ-სალმანთან ერთად სტრატეგიული თავდაცვის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
„დღეს სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ჩვენ ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანთ და საუდის არაბეთს ნატო-ს მთავარ არაწევრ მოკავშირედ ოფიციალურად ვაცხადებთ“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ სადილზე.
როგორც მედია იუწყება, მხარეებმა შეხვედრისას განაცხადეს, რომ ნახევარგამტარული ჩიპების საუდის არაბეთში ექსპორტის შესახებ შეთანხმება მხარეებს შორის, შესაძლოა, ამ კვირაში დაიდოს.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ მომავალში, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს.
იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.
დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ინვესტიციის მოცულობა გაიზარდოს. ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის პრინცთან, დიდი ხანია, მეგობრობს, რადგან მათ ყველა საკითხთან დაკავშირებით ერთი პოზიცია აქვთ.
