აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რესპუბლიკელ რონ დესანტისს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
დესანტისი აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. ფლორიდის შტატის გუბერნატორმა კანდიდატურის მოხსნისა და წინასაარჩევნო კამპანიის შეწყვეტის შესახებ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
პოლიტიკოსის განმარტებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აიოვას შტატის კოკუსში მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე აიოვაში 11%-ით დონალდ ტრამპი გავიდა.
დესანტისმა მოულოდნელი გადაწყვეტილება ნიუ-ჰემფშირის საპრეზიდენტო პრაიმერიზის წინ მიიღო, რომელიც 23 იანვარს გაიმართება. ახლა რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის ერთადერთ სერიოზულ მეტოქედ სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი რჩება.
6 იანვარს, აშშ-ის უზენაესი სასამართლო დათანხმდა, განიხილოს დონალდ ტრამპის აპელაცია სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს კოლორადოს შტატში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს. საქმეს თებერვალში განიხილავენ და გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენება.
კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი, 2021 წლის 6 იანვრის არეულობაში მისი როლის გამო, პრაიმერიზის არჩევნების სიიდან ამოღებულ უნდა იქნას.
იურიდიული თვალსაზრისით, საკითხი ეხება იმას, რომ ტრამპის მიმართ გამოიყენება თუ არა კონსტიტუციის შესწორება, რომელიც სამოქალაქო ომის დროს მიიღეს. აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორება კრძალავს ფედერალური თანამდებობის დაკავების ნებისმიერისთვის, ვინც "აჯანყებაში ან ამბოხებაში მონაწილეობდა". ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ეს ტრამპს არ ეხება.
კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც მე-14 შესწორება საპრეზიდენტო კანდიდატის დისკვალიფიკაციისთვის გამოიყენეს.
კოლორადოს შტატის გარდა, პრაიმერიზიდან ტრამპის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მენის შტატის სახელმწიფო მდივანმაც მიიღო. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა აპელაციით ადგილობრივ სასამართლოს მიმართეს. მინესოტისა და მიჩიგანის სასამართლოებმა ტრამპის დისკვალიფიკაცია უარყვეს.