აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა უკრაინაში ომის დასრულების კუთხით "უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს.
მისი თქმით, სამშვიდობო გეგმაში ომის ორივემ მხარემ შესწორებები შეიტანეს და ამ დროისთვის, დარჩენილია რამდენიმე შეუთანხმებელი საკითხი.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე წერს, რომ იგი შეხვდება უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს მას შემდეგ, რაც სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობა დასრულებული ან საფინალო ფაზაში იქნება.
"გასული კვირის განმავლობაში, ჩემმა გუნდმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების კუთხით (ომი, რომელიც არასოდეს დაიწყებოდა, პრეზიდენტი მე რომ ვყოფილიყავი!). გასულ თვეს 25 000 ჯარისკაცი დაიღუპა.
თავდაპირველი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა, დაზუსტდა ორივე მხარის დამატებითი წინადადებების გათვალისწინებით, და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე შეუთანხმებელი საკითხი.
ამ სამშვიდობო გეგმის დასრულების იმედით, მე მივუთითე ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს მოსკოვში და, ამავე დროს, არმიის მდივანი დენ დრისკოლი შეხვდება უკრაინელებს.
მე მივიღებ მოხსენებას მიღწეული პროგრესის შესახებ, ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, ომის მდივან პიტ ჰეგსეტთან და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროს სიუზი უაილსთან ერთად.
მოუთმენლად ველი, რომ მალე შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ომის დასრულების შეთანხმება იქნება საბოლოო ან მის ფინალურ ეტაპზე.
გმადლობთ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი ყურადღებისთვის და ყველამ ერთად ვიმედოვნოთ, რომ მშვიდობა მიღწეულ იქნება რაც შეიძლება მალე!", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
