logo
ENG



ტრამპი ანკარიდან საიდუმლოდ, ირანის საფრთხის გამო, სხვა თვითმფრინავით გაემგზავრა

12 აგვ 202611:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/12/ujkvn2ths4oksxv.jpg

ნატოს ბოლო სამიტის დასრულებიდან თვეზე მეტი ხნის შემდეგ ცნობილი გახდა უსაფრთხოების მასშტაბური საიდუმლო ოპერაციის დეტალები. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის დედაქალაქი ანკარა ფარულად, ალტერნატიული სამხედრო თვითმფრინავით დატოვა. საგანგებო ზომების მიზეზი ირანის მხრიდან მოსალოდნელი შესაძლო თავდასხმა გახდა.

8 ივლისს, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ, სატელევიზიო კამერებმა გადაიღეს, როგორ ავიდა დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ ბორტზე (Air Force One). თუმცა, როგორც მოგვიანებით ამერიკულმა მედიასაშუალებებმა — Washington Post-მა, CNN-მა და CBS News-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადეს, პრეზიდენტი ბორტზე დიდხანს არ დარჩენილა.

გაფრენის წინ ტრამპი ფარულად, საკვები პროდუქტების ასატანად განკუთვნილი ამწე-ფურგონით გადაიყვანეს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავ C-32A-ში, რომლითაც, როგორც წესი, ვიცე-პრეზიდენტი სარგებლობს.

ოპერაცია იმ დონეზე იყო გასაიდუმლოებული, რომ Air Force One-ის ბორტზე მყოფმა ჟურნალისტებმა და თეთრი სახლის თანამშრომელთა ნაწილმაც კი არ იცოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მათთან ერთად არ იმყოფებოდა. ამერიკული დელეგაციის თვითმფრინავები გზად დიდ ბრიტანეთში დაეშვნენ, სადაც ტრამპი ისევ პრეზიდენტის ძირითად ბორტზე დაბრუნდა.

თვითმფრინავის შეცვლის ფაქტი თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა. 11 აგვისტოს მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების რჩევას დაემორჩილა, რომლებმაც უსაფრთხოების რისკების გამო სხვა ბორტით გამგზავრება მოითხოვეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა თურქეთის დედაქალაქი ირანზე დარტყმების განახლებიდან მეორე დღეს დატოვა. პარალელურად, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ეჭვქვეშ დააყენა ისრაელის სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც ტრამპზე ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის მზადებას ეხებოდა.


close დახურვა