აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უზენაესი მოსამართლის პოსტზე რუთ გინსბურგის შემცვლელად ისევ ქალ კანდიდატს წარადგენს. წარდგენის შემდეგ კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.
87 წლის გინზბურგი 19 სექტემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა.
"მე მომავალ კვირას დავნიშნავ კანდიდატს. ეს იქნება ქალი". - თქვა ტრამპმა შაბათს ფეიეტვილში, ჩრდილოეთ კაროლინას საარჩევნო კამპანიის დროს - "ვფიქრობ, ეს ქალი უნდა იყოს, რადგან რეალურად ქალები ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე კაცები”.
ტრამპმა გინსბურგის შემცვლელად ორი ქალი მოსამართლე განიხილა. ისინი ფედერალურ სააპელაციო სასამართლოებში მსახურობენ. ორივე მათგანი - ემი კონი ბარეტი და ბარბარა ლაგოა - კონსერვატორია, რომლებიც უზენაესი სასამართლოში ბალანსს რესპუბლიკელების სასარგებლოდ შეცვლიან.
დემოკრატები, მათ შორის ტრამპის კონკურენტი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯო ბაიდენი ეწინააღმდეგებიან მოსამართლის დანიშვნას ახალი პრეზიდენტის არჩევამდე და არგუმენტად ის მოყავთ, რომ სენატის რესპუბლიკელმა წევრებმა დაბლოკეს დემოკრატი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას კანდიდატურა აშშ-ს უზენაეს სასამართლოში 2016 წელს.
თავად რუთ გინსბურგის სურვილიც იყო, მისი შემცვლელი ნოემბრის არჩევნების შემდეგ დასახელებულიყო.
რუთ გინსბურგი აშშ-ის უზენაესი სასამართლოში 27 წლის განმავლობაში მსახურობდა. მან ქალთა უფლებებისა და თანასწორობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.