დონალდ ტრამპის ადვოკატი აცხადებს, რომ უკრაინაში ჯო ბაიდენის კორუფციული ქმედებების შესახებ მტკიცებულებები აქვს. რუდოლფ ჯულიანიმ ამის შესახებ „ფოქს-ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ის აპირებს უკრაინელ მოწმეებს შეერთებულ შტატებში ჩვენების მისაცემად ვიზის მიღებაში დაეხმაროს.
ჯულიანი ჯო ბაიდენისა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებასაც ითხოვს, რომელზეც, მისი თქმით, მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის გენერალური პროკურორის გადადგომის აუცილებლობაზე საუბრობს.
ჯულიანი ამბობს, რომ ბაიდენის კორუფციული ქმედებების შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონის მედია, შეერთებული შტატების ელჩი უკრაინაში და სახელმწიფო დეპარტამენტი ოთხი წლის განმავლობაში მალავდნენ. დონალდ ტრამპის ადვოკატის თქმით, მას აქვს საბუთი, რომელიც ჰანტერ ბაიდენის მიერ კომპანია ბურისმას მეშვეობით ფულის გათეთრებას ამტკიცებს.