ტრანსგენდერი ქალი, სესილი ცომაია ამბობს, რომ სხეულზე დაზიანებები პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს. მისი თქმით, 30 აპრილს ღამით, საჭირო მედიკამენტების საყიდლად კომენდანტის საათი მუხიანის რაიონში შეგნებულად დაარღვია, პოლიციამ დააკავა, თუმცა ჯარიმის გამოწერის ნაცვლად ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს. ის ამბობს, რომ პოლიციელების ნაწილს სამოქალაქო ფორმა ეცვა.
სესილის მიმართ პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით საქმეა აღძრული. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კი, რომელსაც ტრანსგენდერი ქალი დაუკავშირდა, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას იძიებს. სესილი ცომაია დაკითხვაზე უკვე დაიბარეს, ექსპერტიზა კი ორშაბათსაა ჩანიშნული.
სესილი ცომაია ერთადერთი არაა, ვინც ტრანსგენდერების მიმართ ჰომოფობიურ და ძალადობრივ შემთხვევებზე საუბრობს, მათ შორის სამართალდამცველების მხრიდან. აქტივისტი ნატა ტალიკიშვილი უკვე 15 წელია, არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა ტრანსგენდერი ქალების უფლებებს იცავს.
კორონავირუსის გამო შემოსავლისა და საცხოვრებლის გარეშე დარჩენის რისკი გაიზარდა ლგბტ თემის სხვა წარმომადგენლებისთვისაც. ერთ-ერთმა აქტივისტმა მერიის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა და თავის დაწვა სცადა. არიან ისეთებიც, რომელთაც სახლები უკვე დაატოვებინეს და თავს მეგობრებთან აფარებენ.
კოალიციამ თანასწორობისთვის საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. ისინი სახელმწიფოს ანტიკრიზისულ გეგმაში ქვიარ ადამიანების ინტერესების გათვალისწინებას სთხოვენ. ერთჯერადი დახმარება სახელმწიფომ უკვე გასცა, თუმცა არასამთავრობოების შეფასებით, ეს საკმარისი არ არის.
ტრანსგენდერი ქალების მოთხოვნებს „ქართული ოცნებიდან“ სოფო კილაძე, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციიდან ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები წერილობით გამოეხმაურნენ. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თემთან მუშაობას აგრძელებენ. სოფო კილაძე კი ტრანსგენდერ ქალებს მოუწოდებს, პირადად მიმართონ. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეს განცხადება აქტივისტების ნაწილში გაღიზიანებას იწვევს.