3-თვიანი პატიმრობის შემდეგ, გიგი უგულავა ევროპული საქართველოს ოფისში დღის 2 საათზე მივიდა, თანაგუნდელებს შეხვდა და მედიისთვის განცხადება გააკეთა. უგულავა დარწმუნებულია, რომ შეთანხმების შესრულება მმართველ გუნდს, პრეზიდენტის ხელით, დასავლელი პარტნიორების ზეწოლამ აიძულა. თუმცა, 8 მარტის მემორანდუმის შესრულებამდე კიდევ ერთი საკითხი რჩება - მთავარი არხის მეწილემ, გიორგი რურუამ საპატიმრო უნდა დატოვოს, რის შემდეგაც პოლიტიკური პროცესები საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე გადავა.
10 თვე გაატარა ციხეში ირაკლი ოქრუაშვილმა. "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას და არჩევნებისთვის მზადებას გეგმავს. ის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრას აპირებს, ამაზე შეთანხმება ოპოზიცაში ფაქტობრივად მიღწეულია. ოქრუაშვილიც დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს მისი და გიგი უგულავას შეწყალების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია.
8 მარტის მართლმსაჯულების მემორანდუმი კიდევ ერთი პატიმრის, მთავარი არხის მეწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. გიორგი რურუას პროცესები მომავალ კვირაშია დაგეგმილი. მისი ადვოკატები იმედოვნებენ, რომ მოსამართლე მათ შუამდგომლობას აღმკვეთი ღონიძიების შეცვლის შესახებ დააკმაყოფილებს და რურუას სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებს.