ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ამჯერად ისინი ერთობლივი ხელმოწერით, ე.წ. გერმანული მოდელის კანონპროექტს, რეკომენდაციებისთვის გაუგზავნიან ეუთოსა და ოდირს.
ოპოზიციური პარტიის წევრები პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს, სწორედ ამ კანონპროექტში ხედავენ. „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, კანონპროექტი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და ამას დაადასტურებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.
„გავუგზავნით ეუთო-ოდირს დასკვვნისთვის იმ კანონპროექტს, რომელიც სრულად შეესაბამება კონსტიტუციას და რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს, ჩვენ არაძალადობრივი მშვიდობიანი კამპანიის პარალელურად, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმ ჩიხიდან გამოსავლის მექანიზმებზე, რომელიც არის. რაც მთავარია საერთაშორისო საზოგადოება სრულად უჭერს მხარს ამ პოლიტიკურ პროცესს და საბოლოო ჯამში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას კანონპროექტის სახით გამოსავალს სთავაზობს.
„ჩვენ ვთავაზობთ კანონპროექტის სახით გამოსავალს, რომელსაც ხელს მოაწერს ყველა ოპოზიციური პარტია და ეუთოს ოდირის ოფისში გავაგზავნით. აქაც ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს და ივანიშვილი იტყუება და ვითომ გვეუბნება, რომ ძალიან წუხს ჩავარდნის გამო აქაც უკვე საერთაშორისო დონეზე გამოჩნდება, როგორ მატყუარა ადამიანთან გვაქვს საქმე“,-განაცხადა გიგი უგულავამ.