ევროპული საქართველოს ერთ-ერტი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ დღეს გაყალბებული არჩევნებით შეკრებულ პარლამენტში შესვლა ქართულ ოცნებაში შესვლას ნიშნავს, ამიტომ ევროპული საქართველო ამაზე უარს ამბობს და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, რომელიც თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს.
მისი თქმით, თუ მმართველი გუნდი ამას არ დათანხმდება, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
"სრულიად ცალსახაა ერთი რამე. დღეს გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს სრულიად ქართულ ოცნებაში შესვლას. არა პარლამენტში შესვლას, არამედ ქართულ ოცნებაში შესვლას. ამიტომ, ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებაა, სრული ბოიკოტი გამოუცხადოს ამ პარლამენტს. არც ერთი ჩვენგანი არ მიიღებს იმ გადმოგდებულ მანდატებს, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
ქართულ ოცნებას აქვს 2 არჩევანი: პატიოსანი და თავისუფალი რიგგარეშე არჩევნები. სხვა შემთხვევაში ის დაემსგავსება ბიძინა ივანიშვილის ჯამახერიას და ის თავისი აბსურდულობის გამო ძალიან მალე ჩამოიშლება".
გიგი უგულავამ მოქალაქეებს კვირას, 15:00 საათზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღებისკენაც მოუწოდა.
"დავანახოთ მათ ქართველი ხალხის ნება და არა ის იუმორინა, რომელიც მოაწყო ბიძინა ივანიშვილმა და დაარქვა თავისუფალი ვითომ არჩევნები".
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და გაყალბდა. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღესაც არის დაგეგმილი.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო.
იყო ე.წ კარუსელებიც. მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გაავრცელა ვიდეო, რომლითაც ჩანს, რომ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ერთმა ადამიანმა ხმა მინიმუმ 10-ჯერ მისცა.
ამომრჩევლის პირდაპირი გზით მოსყიდვის შემთხვევებიც. მედიებმა მოიპოვეს სიები, რომლითაც დასტურდება, რომ ამომრჩევლების ნაწილმა ხმა ფულის სანაცვლოდ მისცა. რამდენიმე მათგანმა ფორმულასთან სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა, რომ მათ 40-50 ლარი გადაუხადეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.